რუსეთის მთავრობამ უცხოური წარმოების სამედიცინო პროდუქციის ქვეყნიდან გატანა დროებით აკრძალა. საუბარია პროდუქციაზე, რომელიც იმპორტირებული იყო იმ ქვეყნებიდან, რომლებიც შეუერთდნენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს და ახლა საწყობში ან საბაჟო პროცედურებს გადიან.
შეზღუდვა არ ვრცელდება ფიზიკურ პირებზე, ისინი შეძლებენ სამედიცინო პროდუქციის გატანას პირადი მოხმარებისთვის.
"მთავრობის გადაწყვეტილება ხელს შეუშლის რუსეთში სამედიცინო პროდუქციის დეფიციტს არამეგობრული სახელმწიფოების მიერ დაწესებული შემზღუდავი ზომების გამო", - აღნიშნულია განცხადებაში.
უკრაინაში შეჭრის გამო აშშ-მ ევროკავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა და რიგმა ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი ეკონომიკური და ფინანსური სანქციები გაატარეს. შეზღუდვების ქვეშ მოყვნენ რუსი ოლიგარქები, მთავრობის წევრები, სახელმწიფო კომპანიები და პუტინის გარემოცვის წარმომადგენლები. რუსეთმა აღნიშნული ქვეყნები "არამეგობარი სახელმწიფოების" სიაში შეიყვანა.
